გიორგი ტყემალაძე - ყველა ვთანხმდებით, რომ დღევანდელი ფორმით ელიავას ბაზრობის არსებობა მიუღებელია
გიორგი ტყემალაძე - ყველა ვთანხმდებით, რომ დღევანდელი ფორმით ელიავას ბაზრობის არსებობა მიუღებელია

ყველა ვთანხმდებით, მათ შორის კერძო მესაკუთრეებიც, რომ ამ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის ელიავას ბაზრობა, ეს არის მიუღებელი, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში არსებულ რამდენიმე ლოკაციას შორის, რომელზეც ჩარჩო გეგმა უნდა დამუშავდეს, ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორიაც მოხვდა. როგორც ტყემალაძე აცხადებს, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარებაზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც ჩარჩო გეგმა დამუშავდება.

„შერჩეულია გარკვეული ლოკაციები, სადაც უნდა მოხდეს დამატებით ჩარჩო გეგმის დამუშავება, შესაბამისად, ელიავას ბაზრობა და არა მარტო ელიავას ტერიტორია, მისი მიმდებარე ტერიტორიაც არის ერთ-ერთი ის ლოკაცია, სადაც აუცილებლად იქნება დამუშავებული ჩარჩო გეგმა. ჩარჩო გეგმის გათვალისწინებით მოხდება მისი განვითარება, შესაბამისად, როგორ განვითარდება ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, ჩვენ უკვე დეტალურად შეგვეძლება ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც იქნება დამუშავებული ჩარჩო გეგმა. დღეს ერთი რამ არის ცხადი, რომ ასეთი ფორმით იქ ამ ტერიტორიის დარჩენა არ შეიძლება, ხოლო დანარჩენს, რა თქმა უნდა, განაზღვრავს ის ჩარჩო გეგმა, რომელიც იქნება დამუშავებული არა მარტო ბაზრობის ტერიტორიაზე, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზეც“, – განაცხადა ტყემალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობა, მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს დეგრადირებას იწვევს.

თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტთან“ ერთად დედაქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს გადაეგზავნა.