გიორგი ტყემალაძე - ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ილია ჯიშკარიანის საკითხზე კომენტარის გაკეთება ვფიქრობ, სწორი არ იქნება
გიორგი ტყემალაძე - ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ილია ჯიშკარიანის საკითხზე კომენტარის გაკეთება ვფიქრობ, სწორი არ იქნება

ძალიან მძიმე ბრალდებაზეა საუბარი, შესაბამისად ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, რაიმე სახის კომენტარის გაკეთება ვფიქრობ, არ იქნება სწორი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიერ თანამშრომელზე სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, მიმდინარეობს გამოძიება. შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად. შესაბამისად, გამოძიება რა შედეგსაც დადებს, ამ შედეგიდან გამომდინარე იქნება შეფასებაც და გადაწყვეტილების საშუალება. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ტყემალაძემ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.