გიორგი ტყემალაძე - მას შემდეგ, რაც დამნაშავეები გამოვლინდებიან, შესაბამისად დაისჯებიან
გიორგი ტყემალაძე - მას შემდეგ, რაც დამნაშავეები გამოვლინდებიან, შესაბამისად დაისჯებიან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დაზარალებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდნენ და შექმნილ ვითარებას გაეცნენ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და მას შემდეგ, რაც დამნაშავეები გამოვლინდებიან, შესაბამისად დაისჯებიან.

“თუ დადასტურდა, რომ ჭერის ჩამონგრევა სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას უკავშირდება, მაშინ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა. ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.