გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მადრიდის „რეალს“ სძლია. ქართველმა ცენტრმა უშუალო ოპონენტი, მადრიდელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, ვალტერ ტავარეში შეტევაში მაქსიმალურად შეზღუდა და ტენერიფელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ტენერიფემ“ რეალს უმასპინძლა და 72:59 დაამარცხა. ბოლო პერიოდის წინ მადრიდელები 2 ქულას იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში კუნძულელებმა შესაშური დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, რაც გახდა კიდეც 13-ქულიანი გამარჯვების მიზეზი.

შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე საკმაოდ მცირე ხნით – 16 წუთით გამოჩნდა, თუმცა ამ დროში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა უშუალო კონკურენტმა მადრიდელმა ტავარეშმა 10 მოხსნა, 6 დაფარება და 6 ქულა ჩაიწერა.

ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი ბრუნო ფიტიპალდომ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 9 პასი მიითვალა. ემირ სულეიმანოვიჩმა „ტენერიფეს“ 12 მოხსნა და 8 ქულა მიაშველა.

10 მოგებითა და 6 წაგებით „ტენერიფე“ ცხრილში მე-6 ადგილზეა, „რეალს“ კი 19 მოგება და 7 მარცხი აქვს და მეორეზე იმყოფება.