გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „თოფაზი“ სტუმრადაც დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ოთხეულში ითამაშებს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა, „ტენერიფემ“ მეოთხედფინალური სერია თურქულ „თოფაზს“ 2:0 მოუგო. მართალია, კუნძულელებმა ორივე შეხვედრაში გაიმარჯვეს, მაგრამ წარმატება იოლად არ მოსულა – ესპანელებმა პირველი მატჩი 78:77 მოიგეს, მეორე – 74:73. ორივე შემთხვევაში სხვაობა მინიმალური იყო.

ისევე როგორც სხვა დანარჩენ მატჩებში თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. მან 26 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

მეორე დაფარება მას მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე ჰქონდა, მაშინ, როცა „ტენერიფე“ 72:70-ს იგებდა. მატჩი ლოგიკურად რომ დასრულებულიყო, თუნდაც დაფარების გამო გიორგი შეხვედრის გმირი გახდებოდა. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბურთი მოედნის კიდიდან „ტენერიფეს“ კალათბურთელებმა გამოიტანეს, მას თოფაზელები დაეუფლნენ და სამქულიანით 73:72 დაწინაურდნენ.

შერმადინის თანაგუნდელებს რჩებოდათ ერთი შეტევა და 11 წამი. ბურთი 38 წლის ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა მიიღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი – „ტენერიფეს“ შორეული ორქულიანით 74:73 მოაგებინა. მატჩის ბომბარდირი სწორედ მარსელინიო გახდა. მან 15 ქულას 7 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიმართება. 1/2 ფინალში, 6 მაისს „ტენერიფე“ ისრაელის „ჰოლონს“ დაუპირისპირდება.