გიორგი შერმადინმა ესპანეთში ტურის საუკეთესოობა ტომიჩთან და ეკზამთან გაიყო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი კიდევ ერთხელ აღიარეს. მან „ბრეოგანთან“ მოგებულ მატჩში 19 ქულა მოაგროვა, 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 7-ვე საჯარიმო გამოიყენა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 32-ს გაუტოლდა. 19 ქულის გარდა მის ანგარიშზე 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარებაა.

ამ მაჩვენებლებით ესპანეთის ჩემპიონატის ლიგამ იგი ტურის საუკეთესოდ აღიარა, თუმცა ასევე კარგად ითამაშეს დანტე ეგზამმა (ბარსელონა) და ანტე ტომიჩმა (ხუვენტუდი). პირველმა „რეალთან“ მატჩში 16 ქულა ჩააგდო (სარგებლიანობა 24), ტომიჩმა „მანრესასთან“ – 20 ქულა, 9 მოხსნა (33).

„სიურპრიზი არ არის, რომ გიორგი შერმადინს „ტენერიფეს“ გამარჯვებებში დიდი წვლილი შეაქვს. მისმა გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო, რაც ქართველი ცენტრის დამსახურება იყო“, – ვკითხულობთ ლიგის საიტზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მარტის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.