გიორგი შარაშიძე – პრემიერის ანგარიშის მოსმენისას რაც ვიხილეთ, იყო ოპოზიციონერ დეპუტატებზე ჯგუფური ძალადობა, სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ, მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის, მით უფრო, სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მინდა, შევუთვალო ყველა მოძალადეს, სხვა სახელს მათ უბრალოდ, მათივე საქციელიდან და ქმედებიდან გამომდინარე ვერ ვუწოდებთ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება დღეს იქნება თუ ხვალ, როდესაც საქართველოში ნამდვილად იარსებებს დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი პროკურატურა, არა ისეთი, როგორიც, სამწუხაროდ, დღეს არის, მამუკა მდინარაძე რომ საუბრობს პროკურატურის პირით. ჩვენ რაც ვიხილეთ პრემიერის ანგარიშის მოსმენისას, იყო პირდაპირ რომ ვთქვათ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ჯგუფური ძალადობა ოპოზიციონერ დეპუტატებზე. ძალადობის ეს აქტი მოხდა ფაქტობრივად, მთელი მთავრობის შემადგენლობის, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თვალწინ, რომელთაც არანაირი ქმედება არ განუხორციელებინათ, რომ აღეკვეთათ ეს ძალადობა“, – განაცხადა შარაშიძემ.
გადაცემის წამყვანმა, თამთა სანიკიძემ სტუმარს შეახსენა, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება, რომ შარაშიძე ტრიბუნასთან როდესაც იდგა, შემდეგ რამდენიმე წუთით სხდომათა დარბაზიდან გავიდა, ისაუბრა ტელეფონით და დარბაზში დაბრუნების შემდეგ უკვე მოხდა ის, რაც ყველამ იხილა, რაზეც შარაშიძემ განაცხადა, რომ თავად ეს განცხადება არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გაააკეთებს.
„ვინ ლაპარაკობს ზარებზე, ის ხალხი და ჯგუფი, რომელიც, თურმე, „დიპ სთეითის“ ზარით წყვეტდა, ამ ქვეყანაში ვინ ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ? მე ვთქვი, რომ ეს იყო ზარი „დიფ სთეითიდან“, რომელთაც გვაცნობეს, თურმე პრემიერის გადაყენება იგეგმებოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და ამიტომ მოგვიწოდეს, ჩვენ ჩვეული აკადემიურობით, გაგვეგრძელებინა დებატები და ასეც მოვიქეცით თქო, მაგრამ ეს არის ნახევრად ხუმრობით ნათქვამი“, – აღნიშნა შარაშიძემ.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას სატელეფონო კომუნიკაცია უშუალოდ მაშინ, როდესაც ტრიბუნასთან გამოდიოდა და შემდეგ გავიდა, შარაშიძემ აღნიშნა: „ჩემი პოლიტიკური სიტყვა მქონდა მომზადებული რამდენიმე დღის წინ და უშუალოდ ტრიბუნასთან რა ვთქვი, რა იყო იქ მაპროვოცირებელი?“
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა მისი გუნდიც პასუხისმგებლობას მომხდარზე, შარაშიძემ განაცხადა, რომ კადრები კარგად მეტყველებს, ვინ დაიწყო რეალურად ძალადობა.
„ტრიბუნასთან რომ ვიდექი, კარგად ვხედავდი, რა ხდებოდა დარბაზში, როგორ დაიწყო, გიგა ფარულავას ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე, შეიძლება, ერთი-ორი წუთით ადრე ფუსფუსი, როგორ დგებოდნენ გარკვეული დეპუტატები საკუთარი სკამებიდან, იწყებდნენ მოძრაობას, ერთმანეთთან გადალაპარაკებას და ეს უკვე ცხადი იყო ჩემთვის, დღეს შემიძლია, ეს გავიხსენო და კადრებშიც არის. სწორედ ეს იყო ნიშანი, რომ მათ უკვე ჰქონდათ მიღებული დავალება, დაეწყოთ ძალადობა ჩვენ წინააღმდეგ, იმ მწვავე პოლიტიკური შეფასებების გამო, რაც ისმოდა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი გუნდის ყველა წევრის მხრიდან“, – განაცხადა შარაშიძემ.