გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნებისთვის სასჯელებს მოსამართლე დღეს განსაზღვრავს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნებისთვის სასჯელებს მოსამართლე დღეს განსაზღვრავს

მცხეთის რაიონული სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ექვსი არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით სხდომას დღეს გამართავს.

ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის შეფასებით, სასამართლო გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთებას ვერ შეძლებს, რადგან განაჩენი უკანონოა.

როგორც არჩილ ბერიანიძე აცხადებს, ყველა შემთხვევაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება როგორც ბრალდებულებს, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკას საფრთხეს შეუქმნის.

„ამ შემთხვევაში განაჩენი არის აბსოლუტურად უკანონო. გამორიცხულია, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება შეძლოს, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნ.ც-სთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანათ. შესაბამისად, სასამართლო არაპროგნოზირებადია და ვერ იმსჯელებს, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ამ საქმესთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ განაჩენი თავშივე არის უკანონო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომ მთლიანად პირობით ჩაუთვალოს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა, თუმცა რას იზამს მოსამართლე, ეს მის დისკრეციაზეა დამოკიდებული. ყველა შემთხვევაში, ჩვენ გავასაჩივრებთ უკანონო გადაწყვეტილებას. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ ამ ბრალდებულებს უქმნის საფრთხეს, არამედ მთლიანად სისხლის სამართლის პოლიტიკას“, – განაცხადა ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოუტანა.

დატოვე კომენტარი