გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აღნიშნულ საქმეზე დაცვის მხარის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, პროკურატურა საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს ადვოკატები ეცოდებოდა, ვინაიდან სასამართლო პროცესზე მათ დასკვნით სიტყვაში სათქმელი არაფერი ჰქონდათ და „ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ“.

„გვექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დაცვის მხარემ ვერაფერი გააკეთა სასამართლო დარბაზში, საზოგადოებასაც ვერ დააჯერა ტყუილში, ახლა ცდილობენ, ბრალდებულების ოჯახს მაინც დაანახონ, თითქოს გარკვეული პოზიციები გაამყარეს სხდომაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება. თურმე სამართლებრივად გაგვანადგურეს, სასაცილოც არის ასეთი კომენტარები. პირიქით, ჩვენ უფრო გვეცოდებოდა დაცვის მხარე, როდესაც ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ დასკვნით სიტყვაში. რაც შეეხება მოლოდინებს, დღეს წერტილი დაესმევა დაცვის მხარის ამდაგვარ საუბრებს. გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებენ ასეთ რამეებს. საბოლოოდ, დადასტურდება, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. რაც შეეხება ბრალდებულების იმ ნაწილს, რომლებმაც ჩვენება არ მისცეს და საბოლოო სიტყვის თქმას აპირებენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი იგივეა, რომ ისევ ისე იცრუებენ, როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვასილ მახარაძემ იცრუეს. მათთან კითხვები რომ არ დასმულიყო, ამიტომ არჩიეს საბოლოო სიტყვის თქმა. ერთადერთი, რასაც ველოდებით ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

როგორც დღეს ადვოკატმა შოთა კახიძემ განაცხადა, არ არსებობს მოწმე, რომელსაც მკვლელობის დადასტურება შეუძლია. მისი თქმით, დაცვის მხარეს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმართება. დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.