გიორგი საბედაშვილი - ზაზა გახელაძის ოჯახთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, ვიმედოვნებთ, მალე გათავისუფლდება
გიორგი საბედაშვილი - ზაზა გახელაძის ოჯახთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, ვიმედოვნებთ, მალე გათავისუფლდება

ზოგადად, უკანონოდ უკანონო პატიმრობაში მყოფ ყველა პირის ოჯახთან გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია, იქნება ეს ბატონი გახელაძე, ბატონი ბებუა და სხვები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის უფროსმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია, რადგან, როგორც საბედაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე საოკუპაციო რეჟიმთან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ამაზე წინასწარი შეთანხმება არ არსებობს.

ამასთან, საბედაშვილი იმედოვნებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მალე მოხდება.

„ზაზა გახელაძის ოჯახთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. ზოგადად, უკანონოდ უკანონო პატიმრობაში მყოფ ყველა პირის ოჯახთან გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია, იქნება ეს ბატონი გახელაძე, ბატონი ბებუა და სხვები. ახლა აღარ ჩამოვთვლი სახელებს. როგორც მაგალითად, მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ იცის ოფიციალური ინსტრუმენტების შესახებ, რომელსაც ვიყენებთ, ასევე იციან ოჯახის წევრებმაც, ოღონდ რა თქმა უნდა, ცოტა მეტი.

სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ ვერანაირ ვადებს. საერთოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უკანონოდ დაკავების დასრულების შესახებ ნებისმიერი ვადის დასახელება არის სპეკულაცია და არ არის პროფესიონალური, რადგან წარმოუდგენელია, თუ არ არსებობს წინასწარი შეთახნმება საოკუპაციო რეჟიმთან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, რაიმე კონკრეტულ ვადებზე ვისაუბროთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მალე მოხდება ეს“, – განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებისას რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაიჭრეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.