გიორგი რურუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს
გიორგი რურუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი რურუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს.

უფლებადამცველების განცხადებით, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

მათი თქმით, საქმეში გამამართლებელი მტკიცებულებები იყო, რაც მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია.

„გავასაჩივრეთ ვალერიან ბუგიანიშვილის პოლიტიკური განაჩენი. ეს იყო დაუსაბუთებელი და შეიძლება ითქვას, სასაცილო განაჩენი, რადგან მოსამართლემ დაამახინჯა მოწმეების ჩვენებები, კერძოდ, დაცვის მხარის მოწმეებს ისეთი რამ დააბრალა, რაც მათ არ უთქვამთ. მეორე მხრივ, მოსამართლემ პოლიციელებთან დაკავშირებით თვალი დახუჭა და საერთოდ არ შეაფასა მათი ჩვენებების ის ნაწილი, სადაც დადასტურდა, რომ ისინი იტყუებოდნენ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ. ასევე, საერთოდ არც კი იმსჯელა იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გამამართლებელი მტკიცებულება იყო.

მოსამართლე არ შეეხო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის  თანახმად, რურუასთვის ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე არ აღმოჩნდა თავად გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები და შესაბამისად, ეს დასკვნა ცალსახად ადასტურებდა მის უდანაშაულობას.

პრინციპში, ჩვენთვის ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, ამ შინაარსის განაჩენის გამოტანა, რადგან ბუგიანიშვილი ამ გადაწყვეტილებას არა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ დაკვეთით იღებდა“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მათ ოპტიმისტური მოლოდინი არც სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით აქვთ.

„ყველა ამ გარემოებაზე ჩვენ სააპელაციო საჩივარში ვისაუბრეთ და ბუნებრივია, ამ პოლიტიკური და უკანონო განაჩენის გაუქმებას ვითხოვთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით  ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, გავასაჩივროთ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც გიორგი რურუას საქმეში მის საწინააღმდეგოდ იქნება მიღებული“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი