გიორგი რურუას ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა 

სასამართლოს პირველ ინსტანციაში გიორგი რურუას გახმაურებული საქმის განხილვა დასრულდა.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ბრალდებული ორივე მუხლში დამნაშავედ სცნეს. რურუას ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა. უკვე მსჯავრდებულის პოლიტიკური თანამოაზრეები დღეს კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ რვა მარტის შეთანხმებაზე, რომელიც მათივე მტკიცებით, რურუას გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ უგულავა-ოქრუაშვილის მსგავსად პრეზიდენტს რურუას შეწყალებაც მოუწევს.

თავის მხრივ დღევანდელ ვერდიქტს კონკრეტული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით ამყარებს სასამართლო, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ნაწილის მწვავე კრიტიკის ადრესატი გახდა.