გიორგი ქოჩორაშვილი – გულშემატკივრებთან შეხვედრამ დიდი სიხარული მომანიჭა #1TVSPORT

16:53, 20.07.2024

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შესვენების შემდეგ „ლევანტეს“ დაუბრუნდა.

ესპანეთში გამგზავრებამდე ის გურჯაანში – გულშემატკივრებს, აეროპორტში კი ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ნინო სალუქვაძეს შეხვდა.

შთაბეჭდილებების შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„კახეთში, ჩემს მშობლიურ გურჯაანში შევხვდი გულშემატკივრებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მათთან შეხვედრამ დიდი სიხარული მომანიჭა. განსაკუთრებით, ბავშვების სიმრავლემ გამაბედნიერა, რადგან ვხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავალ თაობას ფეხბურთი პატარა ასაკიდანვე უყვარდება, მათი გმირები კი არა ევროპული გუნდების ვარსკვლავები, არამედ ქართველი ფეხბურთელები არიან.

ჩვენ ვიაზრებთ, რომ საქართველოში მხოლოდ ფეხბურთელები არ ვართ და ამ ბავშვებთან, რომლებიც მთელი გულითა და ყურადღებით გვისმენენ, გვიყურებენ და თვალებში შემოგვციცინებენ, განსაკუთრებულად მოქცევა გვმართებს. ისინი ცდილობენ ჩვენგან ისწავლონ, მოგვბაძონ და მათთვის სამაგალითოები უნდა ვიყოთ. საოცრად დავიმუხტე, როგორც მიღებული, ასევე გაცემული სიყვარულით. ყველას მადლობას გიხდით თქვენი ემოციების გაზიარებისთვის!

ჩემი არდადეგები დასრულებულია და დღეს ესპანეთში დავბრუნდი. თბილისის აეროპორტში ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს შევხვდი. მადლობა მას ასეთი უშუალობისთვის, სასიამოვნო იყო მისი პირადად გაცნობა. მინდა ყველა ქართველ სპორტსმენს ოლიმპიურ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, გაეკეთებინოთ თავიანთი მაქსიმუმი და ესახელებინოთ ჩვენი საქართველო. ყველა მათგანს სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნებას ვუსურვებ“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

მსგავსი