გიორგი პაპუნაშვილი კარიერას აზერბაიჯანის პრემიერლიგაში, განჯის „ქიაფაზში“ განაგრძობს – ინფორმაციას „აზერისპორტი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, განჯის გუნდი ქართველ ნახევარმცველს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი ბოლოს ეროვნული ლიგის კლუბში, „თელავში“ თამაშობდა.
გიორგიმ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. 2014/2015 წლების სეზონში ის გუნდის ლიდერი გახდა, გაიტანა 16 გოლი, მათ შორის ორი – საქართველოს თასის ფინალში.
2015 წლის ზაფხულში იჯარით წავიდა ბრემენის „ვერდერი II“-ში, მაგრამ ტრავმამ დიდი ხნით შეუშალა ხელი და გერმანიაში მხოლოდ 20 მატჩის ჩატარება შეძლო, რომელშიც ორი გოლი გაიტანა.
2017/2018 წლების სეზონის დასაწყისში პაპუნაშვილმა სეგუნდა დივიზიონის „რეალ სარაგოსასთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პირველ სეზონში 28 თამაში ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა ბორხა იგლესიასის შემდეგ.
პაპუნაშვილს ტრავმების გამო კარიერა ესპანეთშიც აერია – 2020 წლის იანვარში იჯარით სანტანდერის „რასინგში“ გადავიდა, საიდანც ისევ „სარაგოსაში“ დაბრუნდა.
2020 წლის დეკემბერში პაპუნაშვილი კვიპროსში, ლიმასოლის „აპოლონში“ ჩაირიცხა, საიდანაც ქუთაისის „ტორპედოში“ მოხვდა, ბოლოს კი „სამტრედიასა“ და „თელავში“ თამაშობდა.
2014 წლიდან იყო საქართველოს ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.