გიორგი ოთხმეზური - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ არის ბაგრატიონთა ძირითადი შტოს წარმომადგენელი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ არის ბაგრატიონთა ძირითადი შტოს წარმომადგენელი.
„გაუგებარია, რის საფუძველზე სთხოვს დნმ-ის ტესტის ჩატარებას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს. ბაგრატიონ-მუხრანელები ბაგრატიონთა ოჯახის გვერდითი შტოს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ქვეყნის ისტორიაში თავიანთი დამსახურება აქვთ.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ალბათ არ იცის, საიდან მოუაროს და დააყენოს ეჭვქვეშ მათი წარმომავლობა, რადგან თვითონ ნამდვილად არ არის ამ ძირითადი ხაზის წარმომადგენელი.
არ ვიცი, რა არის დავის დაწყების კონკრეტული მიზანი. ალბათ, უნდა, რომ ნამდვილად აღიარონ ბაგრატოვანთა სახლის წინამძღოლად. სხვას რას ემსახურება ეს დაწყებული დავა, არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.
საქალაქო სასამართლოში საქართველოს სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენების გამო ედავებიან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი და სიხარულიძეა.