გიორგი მშვენიერაძე - თუ ვინმეს და რამეს მოწამვლაზე ვლაპარაკობთ, დღეს საქართველოს პარლამენტი წამლავდა ჩვენს კონსტიტუციურ სამართლებრივ სისტემას
გიორგი მშვენიერაძე - თუ ვინმეს და რამეს მოწამვლაზე ვლაპარაკობთ, დღეს საქართველოს პარლამენტი წამლავდა ჩვენს კონსტიტუციურ სამართლებრივ სისტემას

დღეს საქართველოს პარლამენტი წამლავდა ჩვენს კონსტიტუციურ სამართლებრივ სისტემას, გვართმევდა სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განუცხადა.

„დღეს საქართველოს პარლამენტი წამლავდა ჩვენს კონსტიტუციურ სამართლებრივ სისტემას და არაკომპეტენტურ, არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს ნიშნავდა უვადოდ ჩვენთვის სასამართლოში. რეალურად მათ უნდოდათ, რომ მოსამართლეები, უვადო უსამართლობა ყოფილიყო დაკანონებული. ამიტომ, თუკი ვინმეს და რამეს მოწამვლაზე ვლაპარაკობთ, დღეს საქართველოს პარლამენტი წამლავდა ჩვენს კონსტიტუციურ სამართლებრივ სისტემას, გვართმევდა სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაპირველად მოძრაობა „სირცხვილიამ“ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს“, მოგვიანებით კი, ასევე,  სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ხუმრობა იყო.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.