გიორგი მშვენიერაძე - კონსულტაციებზე რამდენიმე გვარი დასახელდა და პრეზიდენტს შეეძლო, მათ შორის არჩევანი გაეკეთებინა
გიორგი მშვენიერაძე - კონსულტაციებზე რამდენიმე გვარი დასახელდა და პრეზიდენტს შეეძლო, მათ შორის არჩევანი გაეკეთებინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე პრეზიდენტთან კონსულტაციების დროს რამდენიმე გვარი დასახელდა და გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, მათ შორის არჩევანი გაეკეთებინა.

მისი თქმით, ყველა კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ შერჩევა შესაძლებელი იყო.

„გვქონდა მოლოდინი, რომ პროცესი ისე წარიმართებოდა, ერთის მხრივ, მივიღებდით მონაწილეობას უკვე დასახელებული კანდიდატების შერჩევაში და მეორე მხრივ, პროცესს მხარდაჭერას ვუცხადებდით. ვერ წარმოგვედგინა, ეს პროცესი საკონკურსო ფორმატში გადასულიყო. შეხვედრებზე რამდენიმე ადამიანის გვარიც დასახელდა, თუმცა არც ერთ მათგანთან კონსულტაცია არ ყოფილა. კონსტიტუციურად სწორედ პრეზიდენტია ის, ვინც ამ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს. რაც შეეხება უზენაესი თავმჯდომარის კანდიდატურას, არჩევანი დიდი არ არის, მაგრამ პრეზიდენტს შეეძლო დასახელებულ გვარებს შორის არჩევანის გაკეთება. ყველა კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ შერჩევა შესაძლებელი იყო“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამასთან, კონსულტაციების მონაწილეები არ აკონკრეტებენ, რომელ გვარებზე იყო საუბარი, თუმცა, პირველი არხის ინფორმაციით, პრეზიდენტთან კონსულტაციებისას დასახელდნენ ნათია წკეპლაძე, ქეთევან ერემაძე და ნინო ბაქაური.

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.