გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა შერჩევაში შენიშვნები მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პროცესი ახალი რეგულაციებით საქართველოში პირველად გაიმართა
გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა შერჩევაში შენიშვნები მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პროცესი ახალი რეგულაციებით საქართველოში პირველად გაიმართა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას შეეხება.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში შენიშვნები მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პროცესი ახალი რეგულაციებით საქართველოში პირველად გაიმართა.

ეუთო/ოდირი აკვირდებოდა პროცესებს დაწყებისთანავე. რამდენჯერმე გაკეთდა განცხადებები. იყო, როგორც პოზიტიური განცხადებები და შეფასებები პროცესის მიმართ საკანონმდებლო რეგულაციების, ღიაობისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით, ასევე ბუნებრივია, იყო შენიშვნები. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან პროცესი პირველად წარიმართა ამგვარი პროცედურებით. პირველად საქართველოს ისტორიაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა მოხდა ღია, გამჭირვალე კონკურსის პირობებში. ბუნებრივია, რომ იქნებოდა ასევე კრიტიკული შეფასებებიც ამ საკითხთან მიმართებაში.

მე შემიძლია გავიხსენო, ვენეციის კომიიის რეკომენდაციები, რომლებიც გაკეთდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია მოუწოდებდა ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური შემადგენელი ამ პროცესში და სასამართლო სისტემას თავად მიეღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებასთან დაკავშირებით. რაც ასე არ მოხდა და ჩვენ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმამ შემოგვთავაზა განსხვავებული მოდელი, სადაც პოლიტიკური ხელისუფლება არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ.

„პროცესი მიმდინარეობდა მაქსიმალურად გამჭვირვალედ, პირდაპირი ეთერის საშუალებითაც კი გადაიცემოდა და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება, დაკვირვებოდა ამ პროცესს. ხარვეზები, რომლებზეც საუბარი არის დასკვნაში, ერთი მხრივ, მოიაზრებს ბოროტად სარგებლობას, თუნდაც დეპუტატების და თუნდაც საბჭოს წევრების მხრიდან, იმ დიდი პრივილეგიებით, რაც მოიტანა საბოლოო რეფორმამ. ჩვენ ვიცით, იყო მითითება, რომ კონკრეტულ კანდიდატებს, კონკრეტული წევრები, თუნდაც იუსტიციის საბჭოში, უსვამდნენ უფრო მეტ კითხვებს და ეს კითხვები სირთულითაც გამოირჩეოდა. ასევე იყვნენ კანდიდატები, რომელთა მიმართაც იყვნენ შედარებით ლოიალურად განწყობილები. ამაზე პირდაპირ იყო ჩვენს ორ არამოსამართლე წევრზე მითითება წინარე დასკვნებში, რომელიც გაკეთდა. პოლიტიკოსები, თუ ისინი მოინდომებენ, რომ რაღაცა დისონანსი შეიტანონ, ამისგან დაზღვეული არ არის ეს პროცესი და საკანონმდებლო ჩარჩო ამას ვერ გააკეთებს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.