გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის შენობა დატოვა.

პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზის დატოვების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტისთვის განკუთვნილ კაბინეტში იმყოფებოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა არ დააკონკრეტა, ტოვებდა თუ არა პარლამენტს. თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტა, რომ მარგველაშვილი პარლამენტს ტოვებს.

„ის, რომ ეს დებატების ფორმატი იქნებოდა, ამის თაობაზე დაახლოებით ათი დღის განმავლობაში იყო დაანონსებული. ჩემი სურვილი, რომ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი. სწორედ იქიდან გამომდინარე, მინდა რომ ბოლომდე პასუხი გავცე მათ კითხვებს. მედიას შეუძლია, ამოიღონ არაერთი შემთხვევა პრეზიდენტის პარლამენტში დებატების. ის, რომ დარბაზში უნდა ვიჯდე, არცერთი რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული. მინდოდა, მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. ყურადღებით დავაკვირდები დეპუტატების გამოსვლას და შემდეგ შევეცდები, ბუნებრივად, საზოგადოებას პასუხები გავცე“, – განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტის დატოვებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.

მოგვიანებით, პარლამენტში იმსჯელეს საკითხზე, შეეცვალათ თუ არა დებატების ფორმატი. საკითხს მხარი არ დაუჭირეს.