გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოებას ემსახურება და ხელს უწყობს სტაბილურობას რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოებას ემსახურება და ხელს უწყობს სტაბილურობას რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას.

მისი თქმით, საქართველო კვლავ დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიისწრაფვის.

„საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით, მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით“, – აცხადებს მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, პოზიტიური დღის წესრიგისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

„რაც შეეხება ნატო-ს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან“, – აღნიშნულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.