გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პირველად ჩააქვს ნატო-დან სახელმწიფოების მეთაურთა დონეზე მიღებული დეკლარაცია
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პირველად ჩააქვს ნატო-დან სახელმწიფოების მეთაურთა დონეზე მიღებული დეკლარაცია

საქართველოს პირველად ჩააქვს ნატო-დან სახელმწიფოების მეთაურების დონეზე მიღებული დეკლარაცია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პირველ არხს ბრიუსელში განუცხადა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, არაადეკვატურია მოსაზრება, თითქოს საქართველოს ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე არაფერი მიუღია და ეს ყველაზე წარუმატებელი სამიტი იყო.

„ეს არ არის ადეკვატური შეფასება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პირველად ჩააქვს ნატო-დან სახელმწიფოების მეთაურების დონეზე მიღებული დეკლარაცია. შეიძლება, ეს სამწუხაროა, მაგრამ ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ნატო-ს ყველა წევრი აღიარებს რუსეთის აგრესიას და 29-ვე წევრი მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. პირველად ჩაგვაქვს დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ გავხდებით ნატო-ს წევრი და აღნიშნავს საქართველოს მიღწევებს, საუბრობს, რომ უნდა გახდეს უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს. დღეს უმაღლეს დონეზე მიღებული დოკუმენტი გვაქვს, რომელიც იაზრებს საქართველოს პრობლემებს.

დოკუმენტი ამბობს, რომ საქართველოს დაცულობა ყველასთვის მნიშვნელოვანია და მზად არიან, ამ მიმართულებით გაერთიანდნენ. არამარტო ჩემი აზრით, ფაქტია, რომ ასეთი დოკუმენტი და მხარდაჭერა არ ყოფილა“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე გუშინ 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ამასთან, სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მოუწოდებენ რუსეთს, მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაიყვანოს ძალები, რომლებიც განათავსა სამ ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე.

ამასთან, სამიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. დღესვე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრა ნატო-საქართველო-უკრაინა გაიმართა.