გიორგი მარგველაშვილი - სამარცხვინოა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ნდობა ძალიან მიჭირს
გიორგი მარგველაშვილი - სამარცხვინოა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ნდობა ძალიან მიჭირს

ბევრმა ადამიანმა ღამეები ათენა, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონოდა. მე დღეს მადლობა ვუთხარი ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელმაც შეძლო ურთულეს ვითარებაში ძველი დაძაბულობების დავიწყება, ბევრი პროვოკაციის მცდელობის გადალახვა და შენარჩუენება იმ მაგიდის, რომელმაც  უკეთეს დემოკრატიულ სისტემამდე მიგვიყვანა, – ეს განცხადება საქართველოა ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის სხდომას დღეს პირველად დაესწრო და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მისი მისვლის მთავარი მიზანი პოლიტიკოსებისთვის მადლობის გადახდა იყო.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებსაც საქართველო უყვართ და ქვეყნისთვის გულწრფელად სურთ უკეთესი მომავალი.

რაც შეეხება შეკითხვას, შეასრულებს თუ არა მმართველი პარტია შეთანხმებას, მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების ორივე კომპონენტი შესრულდება.

„ძალიან სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ისეთი ავტორიტეტი ჩამოიყალიბა „ქართულმა ოცნებამ“, რომ უბრალოდ სიტყვაზე ვერ ენდობი. სამარცხვინოა ამის თქმა, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან თაღლითები, მაგრამ თაღლითებსაც გააჩნიათ რეალობის განცდა. კიდევ ერთხელ რაღაც ტრიუკი უკვე კატასტროფას დააყენებს. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ თაღლითობის გარდა არის კიდევ რაღაც, ჩვეულებირვი ყოფითი ლოგიკა, რაც ამას არ გააკეთებინებს, მაგრამ სამარცხვინოა, რომ მათი ნდობა ძალიან მიჭირს“ ,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია საარჩევნო გარემო იყოს ნორმალური ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.

მარგველშვილი არსებულ გარემოს არანორმალურს და ავტორიტარულს უწოდებს და ამბობს, რომ შეთანხმების საფუძველზე პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

დატოვე კომენტარი