გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში, პრეზიდენტისთვის განკუთვნილ კაბინეტში იმყოფება 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში, პრეზიდენტისთვის განკუთვნილ კაბინეტში იმყოფება.

პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზის დატოვების შემდეგ, მარგველაშვილმა მედიას განუცხადა, რომ დებატებში ჩართვას მოითხოვს.

მისი თქმით, რეგლამენტში არსად წერია, რომ დებატებისას პრეზიდენტს პასუხის გაცემის უფლება არ აქვს.

„გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი, რასაც მივესალმე და ამის თაობაზე იყო დაანონსებული არაერთხელ. ბუნებრივია, რომ პატივს ვცემ, დეპუტატებთან მქონდეს საუბრის და დებატების შესაძლებლობა. რომელსაც პარლამენტი კითხვებზე პასუხის გაცემას მიკრძალავს, ამის შინაარსს ვერ ვხედავ. შემიძლია, ტელევიზორში ვუყურო სხდომას. ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას, დებატების ფორმატში შევიდე დეპუტატებთან. ველოდები, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რეგლამენტში არსად არ წერია, რომ პასუხის გაცემის უფლება პრეზიდენტს არ ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება, ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.