გიორგი მარგველაშვილი - დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ლევან ყიფიანს 
გიორგი მარგველაშვილი - დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ლევან ყიფიანს 

არ შეიძლება, ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ, ყველას უნდა ჰქონდეს უფლება და იმედი, რომ თანამებრძოლები არ მიატოვებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლევან ყიფიანთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ლევან ყიფიანი იყო ადამიანი, რომელთან ერთადაც იბრძოლა 2012 წელს.

“თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს ვინც თქვენიანი იყო, ასე რომ გაწირავთ, ეს თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად. ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. არც ერთი არ მახსოვს ისინი, მაგრამ ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ვიყავით მინისტრთა კაბინეტის წევრები. ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი, ვისთან ერთადაც ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლები დღეს არიან ხელისუფლებაში, მაშინ კი ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ. არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება და იმედი, რომ თანამებრძოლები არ მიატოვებენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ლევან ყიფიანი 3 ოქტომბერს სასამართლოში გამოიკითხა. როგორც ლევან ყიფიანმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განახორციელეს, დამონტაჟებულია. მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.