გიორგი მარგველაშვილი - ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა არა მხოლოდ მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია
გიორგი მარგველაშვილი - ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა არა მხოლოდ მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია

საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას – საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის გახსნაზე განაცხადა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად უმასპინძლებს ამ ღირშესანიშნავ ტურნირს.

„ჭადრაკი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონია, საჭადრაკო ოლიმპიადის ექვს გზის გამარჯვებული.

საერთო ჯამში, საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა. მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.

ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს – საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული ოთხი ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა. მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია. მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. დღეიდან 6 ოქტომბრამდე, ბათუმში, 190 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისთვის იბრძოლებს.