გიორგი ლომია - ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, რათა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს
გიორგი ლომია - ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, რათა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს

ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს, მეორე ტურში აქცენტი ამაზე გაკეთდება და არა იმაზე, იქ ზურაბიშვილი იქნება თუ ბალანჩივაძე,-ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გააკეთა.

გიორგი ლომიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა არ უნდა დაეყენებინა, თუმცა მეორე ტურში „პატრიოტთა ალიანსი “ ეცდება, ქვეყანა გადაარჩინოს და  ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს.

„დემოკრატობანას რომ თამაშობენ, სანამ კანდიდატს დააყენებდნენ, ხალხისთვის უნდა ეკითხათ, მისაღები იყო თუ არა მათთვის.  პრაიმერისი ჩაეტარებინათ და მიხვდებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა იმ ადამიანის კანდიდატურა დაეყენებინათ, რომელსაც ორი პროცენტი აქვს. ეს შედეგი ამან გამოიწვია. რაც შეეხება კითხვას – დავუჭერთ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, რათა ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს. აქცენტი ამაზე იქნება გაკეთებული და არა იმაზე, იქ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ პეტრე ბალანჩივაძე. ჩვენი მიზანი ყოველთვის არის და იქნება ოღონდ არა – „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ლომიამ.

დეპუტატი აცხადებს, რომ  საზოგადოებამ  ის არჩევანი გააკეთა, რაც ხელისუფლებას ეკუთვნოდა. მისივე თქმით, ეს იყო უმადურობის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერების მიმართ გამოავლინა.

„ეს უმადურობის შედეგია. ექვსი წლის განმავლობაში ხელისუფლება ხალხს უმადურად ექცეოდა. ვინც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, რატომღაც, დღეს ბარიკადებზე აღმოჩდა და ვინც ხელკეტს ურტყამდა, აუპატიურებდა, კლავდა, დაწინაურებულია ან თავიანთ ადგილებს ინარჩუნებენ“, – აღნიშნა ლომიამ.