გიორგი ლომია „ქართულ ოცნებას“ - თქვენი შეცდომა არის უმადურობა, რომელიც მხარდამჭერების მიმართ გამოავლინეთ
გიორგი ლომია „ქართულ ოცნებას“ - თქვენი შეცდომა არის უმადურობა, რომელიც მხარდამჭერების მიმართ გამოავლინეთ

თქვენი შეცდომა არის უმადურობა, რომელიც გამოავლინეთ ხალხის მიმართ. ბევრი, ვინც გვერდში გედგათ, ვინც იბრძოდა თქვენთან ერთად და დაამარცხა სააკაშვილის რეჟიმი, დღესაც იბრძვის, ოღონდ უკვე თქვენს საწინააღმდეგოდ,- ასე მიმართა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გიორგი ლომიამ  ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არბევდა, აუპატიურებდა და კლავდა, დღეს ისევ სამსახურში მუშაობს, ან დაწინაურებულია.

„ყველა ის ადამიანი, ვინც ყვიროდა „მიშა მაგარია“, ვინც აგინებდა ოპოზიციას, არბევდა, აუპატიურებდა, კლავდა, დღეს არის ან დაწინაურებული, ან ისევ სამსახურში მუშაობს და კაციშვილს არ მოუკითხავს, თუ რატომ სჩადიოდა ამ დანაშაულს. ამიხსენით, თქვენ გჯერათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი ავადმყოფი არსებობს, თითქმის 800 ათასი, რომელმაც გუშინ დაუჭირა მხარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც გააუპატიურა ახალგაზრდები, მოკლა ქუჩებში, ციხეში სვამდა ხალხს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიზნესს აფორმებინებდნენ და ა. შ. შეიძლება, ამდენი ავადმყოფი ადამიანი არსებობდეს? არა დამიჯერეთ, ამდენი ავადმყოფი არ არსებობს საქართველოში, მაგრამ თქვენ იმდენი ქენით, ხალხმა არჩევანი გააკეთა „ნაცმოძრაობასა“ და თქვენს შორის“,-განაცხადა გიორგი ლომიამ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“   რეიტინგი რეალურად 38 %-ზე გაცილებით მეტია, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა, ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

„ ჩვენ გვაქვს ცალკე ჩატარებული კვლევა. თქვენი რეიტინგი გაცილებით მეტია, მაგრამ კანდიდატს, რომელიც თქვენ დააყენეთ,  პრაიმერი ან ან სიციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩაგეტარებინათ, ნახავდით, რომ არა აქვს მხარდაჭერა ხალხის მხრიდან. თქვენ სულში ჩაფურთხება გამოგივიდათ. დააყენეთ კანდიდატად ადამიანი, რომელსაც თქვენივე მხარდამჭერი ამომრჩეველი მხარს არ უჭერს. „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, თქვენ შექმენით ქვეყანაში პრეცედენტი, როცა „ნაცმოძრაობას“ ანუ ამ მწამებლებს აქვთ უფლება, დღეს პირდაპირ ილაპარაკონ, რომ არიან მეორე პოლიტიკური ძალა”,-განაცხადა გიორგი ლომიამ.