გიორგი ლომია - 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციაში არ შევალთ „ნაცმოძრაობასთან“ და „ევრონაცებთან“
გიორგი ლომია - 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციაში არ შევალთ „ნაცმოძრაობასთან“ და „ევრონაცებთან“

გამიჭირდება თქმა, ვისთან შევქმნით 2020 წელს კოალიციას, კოალიციაში არ შევალთ „ნაცმოძრაობასთან“ და „ევრონაცებთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიამ განაცხადა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ კოალიციაში არ შევა იმ ძალასთან, რომლის გასამართლებასაც ითხოვს.

„ბუნებრივი ბარიერის პირობებში, დაახლოებით ხუთი-ექვსი ან მეტი პარტია შევა პარლამენტში. ჯერ პოლიტიკურ განლაგებას შევხედავთ და იმის შემდეგ ვიფიქრებთ, ვისთან შევქმნით კოალიციას. რაც შეეხება იმას, ვისთან არ შევქმნით – „ნაცმოძრაობასთან“ და „ევრონაცებთან“ ჩვენ კოალიციაში არ შევალთ. კოალიციაში არ შევალთ იმ ძალასთან, რომლის გასამართლებასაც ვითხოვთ“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 13 სექტემბერს ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.