გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა [ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა. პრემიერმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, წილკანში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი წილკანში ჩავიდა

Posted by პირველი არხი on 2018 წლის 23 მარტი, პარასკევი