გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ კოლეგას შეხვდება
გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ კოლეგას შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ გროისმანს შეხვდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ გროისმანი ეწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს წეროვანში, ასევე, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს თბილისში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში – „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability).

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.