საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი ეწვია. აეროპორტში უკრაინის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა.

27 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ გროისმანი ეწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს წეროვანში, ასევე, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს თბილისში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში – „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability).

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი