გიორგი კვირიკაშვილი - შალვა თადუმაძე იყო და დღესაც არის მთავრობის საიმედო დასაყრდენი 
გიორგი კვირიკაშვილი - შალვა თადუმაძე იყო და დღესაც არის მთავრობის საიმედო დასაყრდენი 

შალვა თადუმაძე მთავრობის საიმედო დასაყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა თადუმაძე  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად წარადგინა.

პრემიერის თქმით, შალვა თადუმაძე მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, ძალიან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა.

„შალვა თადუმაძეს ყველა კარგად იცნობთ. იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას, რასაც ძალიან კარგად უძღვებოდა. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა აბსოლუტურად სწორად მოხდეს ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება. აბსოლუტურად ყველას აზრია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შალვამ ძალიან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო და დღესაც არის მთავრობის ძალიან საიმედო დასაყრდენი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, შალვა თადუმაძე საქმისადმი ერთგულებით და წესიერებით გამოირჩევა.

„იგი გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ძალიან მაღალი წესიერებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს. მინდა, შალვას ვუსურვო წარმატებები. მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის ძალიან წარმატებით გაართმევს თავს. ბატონო შალვა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ პოსტზე. გილოცავთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

შალვა თადუმაძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად მაია ცქიტიშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.