გიორგი კვირიკაშვილი - მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას
გიორგი კვირიკაშვილი - მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას

მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

როგორც პრემიერის განცხადების ტექსტშია აღნიშნული, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ.

„ევროპარლამენტარების რეკომენდაციებში ასახულია სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის აუცილებლობა. 

მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და არის მოწოდება, რომ გაიზარდოს ევროკავშირის როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყურადღება მახვილდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საინვესტიციო პროექტებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივებას“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.