გიორგი კვირიკაშვილი - ადამიანს ხანდახან ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა
გიორგი კვირიკაშვილი - ადამიანს ხანდახან ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე დღეს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანს ხანდახან საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა.

„მე ვთქვი წინა შეხვედრაზე და ახლაც არ მინდა უმრავლესობასთან გვერდი ავუარო ამ საკითხს, ვინაიდან სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს.

სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ემოციური პასუხის გაცემა. ნამდვილად ვნანობ ამას, არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ადამიანს ხანდახან საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. მათ სამწუხაროდ ეს მოახერხეს, მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ ვუხდი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ​​მაქსიმალურად უნდა მოხდეს საზოგადოების დეპოლზიაცია.

„უნდა შევძლოთ, რომ ჩვეულებრივ ჩვენი ქვეყნის მომავლის თემებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებს და სხვებსაც, რომ მათ იგრძნონ საკუთარი თავი ამ თემების ნაწილად. ​​საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენი მთავრობის მომავალი საქმიანობის უმთავრესი ქვაკუთხედი. ჩვენ შევქმნით პლატფორმებს, სადაც შესაძლებელი იქნება, ადამიანებმა ცივილურად ისაუბრონ, გამოთქვან შენიშვნები, მაგრამ იმ ფორმით, როგორც ეს ცივილიზაციურ სამყაროშია მიღებული. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ დიალოგის, საუბრის სტანდარტი. ჩვენ არ გვინდა ქება-დიდება მთავრობის, ჩვენ გვინდა, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა გზით წავიდეთ მომავალში. ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უკლებლივ ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში“, – აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტში მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.

დატოვე კომენტარი