გიორგი კვერნაძე - ჩემს ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი „საბურთალომ“ ითამაშა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძე - ჩემს ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი „საბურთალომ“ ითამაშა #1TVSPORT

„საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა, გიორგი კვერნაძემ იტალიური „ფროსინონეს“ შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. იტალიის თასის შეხვედრაში კვერნაძე 66-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და აქტიურიც იყო. მან „საბურთალოს“ ვებგვერდთან ინტერვიუში იმ როლს გაუსვა ხაზი, რაც მის ჩამოყალიბებაში თბილისურმა კლუბმა შეასრულა.

„ხუთი წლის ვიყავი, როცა ფეხბურთზე შევედი. „საბურთალოს“ აკადემიაში ცხრა წლის ასაკში დავიწყე თამაში. 18 წლისას პირველ გუნდში მქონდა დებიუტი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ამ დღეს დიდი ხანი ველოდებოდი.

„საბურთალომ“ ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა, რადგან ამ გუნდში ცხრა წელი ვითამაშე და თითქმის ყველაფერი აქ ვისწავლე. „საბურთალო“ წელს ეროვნულ ლიგაში ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელებს, ჩემპიონობის შანსიც ექნება.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად იასპარეზა. ბიჭებმა თავიანთი მაქსიმუმი აჩვენეს და, ჩემი აზრით, მათი თავდადება შედეგზეც აისახა. ნაკრებში რომ ვერ მოვხვდი და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, ამაზე გული ძალიან დამწყდა. ბათუმის „დინამოში“ სათამაშო დრო არ მქონდა და ტურნირზეც ამის გამო არ ვიყავი.

„ფროსინონეში“ თანაგუნდელები ძალიან კარგად დამხვდნენ, მათთან კომუნიკაცია არ გამიჭირდა. თითქმის ყველასთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვერავის გამოვარჩევ. გუნდის მთავარი მიზანი სერია A-ში დარჩენაა“, – ამბობს გიორგი კვერნაძე.