გიორგი კონდახიშვილი - მელია პოლიტიკური პატიმარია და მასთან მიმართებით ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს
გიორგი კონდახიშვილი - მელია პოლიტიკური პატიმარია და მასთან მიმართებით ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს

ნიკა მელია პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე, –  ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადეს.

თუმცა ადვოკატები არ აკონკრეტებენ, გადაიხდის თუ არა მელია გირაოს იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დღეს დიდი ალბათობით, მოსამართლე იმსჯელებს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების განგრძობადობასთან დაკავშირებით. ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება პატიმრობიდან თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება, ცალსახად იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის მიერ გაჟღერდება. მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება ცალსახად გონივრული გადაწყვეტილება იქნება. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და მასთან მიმართებით ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ის უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. არავითარი რისკი არ არსებობს იმაზე, რომ ნიკა მელია მიიმალება ან ჩაიდეს ახალ დანაშაულს. ეს არის ზუსტად აღკვეთის ღონისძიების მიზნები და ვერავინ დაარწმუნებს სასამართლოს, ასევე ობიექტურად განწყობილ მოქალაქეს, რომ ნიკა მელია სადმე გაქცევას აპირებს და სასამართლოს ხელი შეეშლება მისი თავისუფლებაში ყოფნის პირობებში“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ადვოკატის განმარტებით, პროკურატურა მთელი ორი თვის განმავლობაში აცხადებდა, თითქოს მათი თვითმიზანი მელიას პატიმრობა არ არის და ისინი გირაოზე თანახმა იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი ექნება მელიას. კონდახიშვილი ამბობს, რომ ეს სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადებაა.

„ტყუილი პროპაგანდაა და სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადებებია. ნიკა მელიას პოზიციაა, რომ მასთან მიმართებაში არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული. ვითხოვთ, საერთოდ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ნიკა მელიას გირაო შეეფარდოს, გადაიხდის თუ არა მელია გირაოს, კონდახიშვილი აცხადებს, რომ ეს ბუნებრივად გამოიწვევს მელიას გათავისუფლებას სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

„თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გირაოსთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად გამოიწვევს მელიას გათავისუფლებას სასამართლო სხდომის დარბაზიდან. რაც შეეხება პოზიციას, ჩვენი პოზიციაა, რომ არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნას შეფარდებული, რადგან ეს იქნება უკანონო. ნიკა მელიასთან მიმართებით არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.