თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი იმართება. სხდომას ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრება.

ნიკა მელიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით, მათ შორის არის „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები. ადვოკატების თქმით, ამით დასტურდება, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინასწარ იცოდა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

ამასთან, დღევანდელ პროცესს ესწრებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ხოლო სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მათი მხარდამჭერებიც. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.