გიორგი კოხრეიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება რეკლამის განთავსება, რათა არ იყოს თამაშგარე მდგომარეობაში
გიორგი კოხრეიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება რეკლამის განთავსება, რათა არ იყოს თამაშგარე მდგომარეობაში

ყველას უნდა ჰქონდეს კომერციული რეკლამის განთავსების საშუალება, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი კოხრეიძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი კოხრეიძის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, კერძო მაუწყებლები დაზარალდნენ, ქაოტური მედიაბაზარია. მისივე თქმით, რეკლამის განთავსება საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება, რათა მედიაბაზრის ნაწილი იყოს.

„რასაც ყოველთვის ვაფიქსირებ, ის პოზიცია დავაფიქსირე დღესაც. ეს არის ის, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც მიმაჩნია, რომ სწორია და მართალია მაუწყებლის განვითარებისთვის, იმ პოზიციას დავიცავ და არა მარტო მაუწყებლისთვის, მთლიანად მედიის განვითარებისთვის, რათა იყოს მედიაპლურალიზმი და ყველას ჰქონდეს შესაბამისი, ადეკვატური იმისა, თუ რას აკეთებს ამ ბაზარზე.

ჩვენ დღეს სურათი გვაქვს, რომ არსებული კანონმდებლობით დაზარალდნენ კერძო მაუწყებლები. ამას აქვს საფუძველი. ჩვენთან მედიაბაზარი არის ძალიან ქაოტური და არეულ-დარეული. აქედან გამომდინარე, ამას სჭირდება წესრიგში მოყვანა, დაბალანსება. არ შეიძლება ადამიანების მზერა იკარგებოდეს, მაყურებლის მზერა იკარგებოდეს. ჩემი აზრით, ყველას უნდა ჰქონდეს კომერციული რეკლამის განთავსების საშუალება, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს სჭირდება იმისთვის, რომ მაუწყებელი არ იყოს თამაშგარე მდგომარეობაში და იყოს იმ ფერხულში ჩაბმული, რასაც მთელი მედიაბაზარი ჰქვია“, – აღნიშნა კოხრეიძემ.

რაც შეეხება შესყიდვების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადებით, აღნიშნული ნორმა ევროკავშირის მოთხოვნა იყო. მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე არ მოჰყოლია აზრთა სხვადასხვაობა სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებულ ცვლილებას.

„არ მგონია, შესყიდვებთან დაკავშირებით საერთოდ პრობლემა იყოს, რადგან ევროკავშირის მოთხოვნაც არის, რომ 2019 წლიდან უნდა მივუერთდეთ. თუ ეს ყველაზე გავრცელდება, ეს არ არის ჩემი საქმე და პარლამენტმა უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება. ვისაუბრეთ უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით და არც ამაზე ყოფილა დიდი და კამათი მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის თემაზე სასაუბროდ შეხვდა.

შეხვედრას სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრიდან ექვსი ესწრებოდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ამავე თემაზე პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.