გიორგი კოხრეიძე - მე ვიქნები გარანტი, რომ აჭარის მაუწყებელზე ზეწოლა არ იქნება
გიორგი კოხრეიძე - მე ვიქნები გარანტი, რომ აჭარის მაუწყებელზე ზეწოლა არ იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახლად არჩეულმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიამ უნდა მიიღოს ადეკვატური დაფასება. მისი თქმით, ეს მაყურებლის მატებაში უნდა გამოიხატოს.

„იმ დღეს, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე თქვეს უარი, მწვავე იყო სიტუაცია, აჭარის მაუწყებელზე სტუდიაში იჯდა ათი ადამიანი, მეთერთმეტე იყო წამყვანი და „ფეისბუქზე“ ჩემი ჩათვლით უყურებდა რვა ადამიანი მთელი გადაცემის განმავლობაში, ამის ამსახველი ფოტოც მაქვს. ეს არის რეიტინგი?! ესე იგი, რაღაც არ გაკეთდა. მე ადამიანების წინააღმდეგი არ ვარ. ადამიანებს არ აქვთ გარემო, რომ დადონ სათანადო პროდუქტი. ორგანიზაცია უნდა გაჯანსაღდეს“, – განაცხადა კოხრეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, იქნება გარანტი, რომ მაუწყებელში სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს.

„საიდან მოდის ის აზრი, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიძლება იყოს საფრთხეში. მე ვიქნები გარანტი, რომ ზეწოლა არ იყოს და ჩემი მხრიდან ჩარევა არ იქნება. წინა ხელმძღვანელობის დროს იყო თუ არა ჩარევა, ამაზე იხილავთ ფაქტებს ძალიან მალე. მე დღეს მომეცა საშუალება, ადამიანებს გავცე პასუხი. პირველი დღიდან ჩემზე ბულინგი მიდიოდა. მე პატიოსანი ბრძოლით შევძელი და წარმატებას მივაღწიე. ყველა ტალახს ისვრის და ერთი საფუძველი დამიდონ.​

​ხელისუფლების კანდიდატად რატომ მოვიაზრები? გული მწყდება, რომ ჩემს ქვეყანაში ადამიანების წარმატება არ უხარიათ. ადამიანმა წარმატებას მიაღწია და წამოვიდა ტალახი. დიდი მადლობა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, არავის წარმომადგენელი არ ვარ“, – განუცხადა კოხრეიძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რას გულისხმობდა ის, როდესაც ამბობდა, რომ აჭარის მაუწყებლის „ჟურნალისტებმა მოთმინება უნდა იქონიონ“.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის მაუწყებელი, რომ თუ ვინმე ბოიკოტს უცხადებს, ეს მისი პრობლემაა. მე ვთქვი, რომ პრობლემა ვეძიოთ ჩვენში, თორემ ადამიანებთან არ მაქვს პრობლემა“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მაუწყებლის თითოეულ ჟურნალისტთან შესახვედრად და სასაუბროდ არის მზად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე დღეს აირჩიესკოხრეიძის კანდიდატურას მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი ბიულეტენი გაბათილდა. პირველი კენჭისყრის დროს გიორგი კოხრეიძემ ორი ხმა მიიღო, ერთი – ფირუზ ბოლქვაძემ, ერთი კი – მაია მერკვილაძემ. მეორე ტურის შედეგებით კი, გამარჯვებული გიორგი კოხრეიძე გახდა.