გიორგი კირთაძე - ნიკა მელია არის დღეს ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი, ბევრთან ერთად, ვინც ჩამოშორებულია პარტიულ მმართველობას, მნიშვნელოვანია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანობა
გიორგი კირთაძე - ნიკა მელია არის დღეს ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი, ბევრთან ერთად, ვინც ჩამოშორებულია პარტიულ მმართველობას, მნიშვნელოვანია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა მელიას თანამოაზრე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ პარტიაში ძველი სახეების დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისაღები და აუცილებელი ნაბიჯია. მისივე თქმით, მელიას ფრთის მოქმედ მენეჯმენტთან დაპირისპირების საკითხმაც დემოკრატიულ ფარგლებში უნდა გადაინაცვლოს.

„ყველასთვის კარგადაა გასაგები, ჩვენი პრობლემა რაშია. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს პარტიის ლანძღვაა, მაგრამ აქ საუბარია, რომ პარტიაში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება გარიცხო, დასაჯო და ასე შემდეგ, ასე ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ და შედეგზე ვერ გავალთ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ადამიანი, ბევრი მოსაზრებაა და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხიბლი. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო კოალიციური პარტია და ამას უნდა შეეგუოს მოქმედი მენეჯმენტი. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ დაბრკოლების გადალახვას, რადგან საქმე გვაქვს უფრო მნიშვნელოვან რამესთან – ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ან გადავიჩეხებით უფსკრულში, რომელსაც ჰქვია რუსეთი ან გავარღვევთ მოჯადოებულ წრეს და დავდგებით ევროპულ რელსებზე“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

კირთაძე მიიჩნევს, რომ პარტიაში დაპირისპირების დასრულების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით შეძლებს ხელისუფლების შეცვლას. ამასთან, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნიკა მელიაც და პარტიის მმართველობას ჩამოშორებული ბევრი პოლიტიკოსი უნდა დაუბრუნდეს აქტიურ პარტიულ ცხოვრებას.

„ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ნიკა მელია არის დღეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი, ბევრ იმასთან ერთად, ვინც ჩამოშორებულია პარტიულ მმართველობას. მნიშნელოვანია, რომ პარტიაში გვქონდეს დემოკრატია და ერთიანობა, რაც უფრო გააიოლებს მთავარი მიზნის მიღწევას, რასაც ჰქვია ოლიგარქიული მმართველობის შეცვლა. ამის შესაძლებლობა არის. დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მოახერხებს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.