გიორგი ხოჯევანიშვილი -  ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გავაკრიტიკებთ ყველას, ვინც დაიმსახურებს
გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გავაკრიტიკებთ ყველას, ვინც დაიმსახურებს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს, რათა დაიწყონ გამოძიება და პასუხი გაეცეს ბრალდებებს.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

„მინდა, გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, ჩვენი გუნდის ლიდერის და არა მარტო მის მიმართ, არამედ დღესაც მოქმედი პოლიციელების და ჯარისკაცების მიმართ გამოითქვა სხვადასხვა ტიპის ბრალდება. ეს ბრალდებები არ ეფუძნება არანაირ ობიექტურ გარემოებებს და მხოლოდ ჭორაობაზე არის დაფუძნებული. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რათა დაიწყონ გამოძიება, რადგან  გაეცეს პასუხი დისკრედიტაციის მიზნით გაჟღერებულ ბრალდებებს ან დაერქვას თავისი სახელი, რომ ეს არის ცილის წამება და ცრუ დასმენა. ჩვენ მივმართეთ და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას. შესაბამისად, კობახიძესაც მოუწევს პასუხების გაცემა“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ამასთან, ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მათი გუნდი ორიენტირებულია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და გააკრიტიკებენ ყველას, ვინც დაიმსახურებს.

„თავიდანვე წამოვიდა გარკვეული ნიაღვარი, ჩირქის მოცხების პროცესი, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არ ვიქნებით ორიენტირებული სხვაზე ჭორაობაზე, არამედ ორიენტირებული ვიქნებით საქმეზე. ჩვენ დასამტკიცებელი არ გვაქვს, რომ არავის პროექტი არ ვართ, არამედ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ გავაკრიტიკებთ ყველას, ვინც ამას დაიმსახურებს“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

პარტიამ „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.