გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ შიდა ქართლში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის და პანიკის საფუძველი არ არსებობს
გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ შიდა ქართლში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის და პანიკის საფუძველი არ არსებობს

​შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ რეგიონში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და პანიკისგან, ასევე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტშია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რეგიონში თითოეულ პოტენციურ საფრთხის მქონე პაციენტთან გვაქვს კონტაქტი, ასევე მიდის მათი თვითიზოლაციის კონტროლი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ გვაქვს, როგორც რუისში, ისე ზოგადად, შიდა ქართლში.

შესაბამისად, დამატებითი პანიკისგან და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი. ასევე, დღეს კიდევ რამდენიმე ნიმუში იყო აღებული და ველოდებით ინფორმაციას შესაბამისი უწყებიდან“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 28 ნიმუშია გადაგზავნილი. აქედან ოთხი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მცხოვრები პირებისაა, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის ძმასთან ჰქონდათ კონტაქტი. სოფელ რუისში 80-მდე პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. ამ დროისთვის, მთლიანად რეგიონში 146 პირია თვითიზოლაციაში.