შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 28 ნიმუშია გადაგზავნილი, რეგიონში 146 პირი თვითიზოლაციაშია
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 28 ნიმუშია გადაგზავნილი, რეგიონში 146 პირი თვითიზოლაციაშია

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 28 ნიმუშია გადაგზავნილი. აქედან ოთხი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მცხოვრები პირებისაა, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის ძმასთან ჰქონდათ კონტაქტი. სოფელ რუისში 80-მდე პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

ამ დროისთვის, მთლიანად რეგიონში 146 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციაში მყოფ მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები უწევენ ზედამხედველობას.

როგორც შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ქორჩაშვილი აცხადებს, რეგიონის მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

„შიდა ქართლში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებზე ეპიდზედამხედველობა. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახური, კერძოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ზედამხედველობას უწევენ თვითიზოლაციაში მყოფ მოსახლეობას. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მათთან დაკავშირება, ტელეფონით კომუნიკაცია და კვირაში ერთხელ ხდება ადგილზე მონიტორინგი.

რაც შეეხება ქარელის (რუისის) შემთხვევას, თვითიზოლაციაში იმყოფებიან პირები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს, აკეთებს ამ მოსახლეობის თერმოსკრინინგს, გვატყობინებენ სიმპტომების გამოვლენის შესახებ ინფორმაციას. გუშინაც იყო შეტყობინება და თვითიზოლაციაში მყოფი სამი პირის ნიმუში ავიღეთ, სამივე ნეგატიურია. ასევე დღეს ავიღეთ ოთხი ნიმუში და ველოდებით ამ ნიმუშების პასუხს. არა მარტო ქარელის, არამედ მთელი შიდა ქართლის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობ“, – განაცხადა შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.