გიორგი ხელაშვილი - ნიკოლ ფაშინიანმა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და პირველივე გამოსვლაში ხაზი გაუსვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას
გიორგი ხელაშვილი - ნიკოლ ფაშინიანმა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და პირველივე გამოსვლაში ხაზი გაუსვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას

ნიკოლ ფაშინიანმა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავის პირველივე გამოსვლაში რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული მადლობა ასევე გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ხელაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ბოლო დროს რეგიონში მომხდარი ორი ფაქტი – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობა და სომხეთში წარმატებით ჩატარებული არჩევნები დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის გეოპოლიტიკურ ურთიერთობებზე.

„მინდა, ყურადღება გავამახვილო ბოლო დროს რეგიონულ პოლიტიკაში მომხდარ მოვლენებზე, რომლებშიც ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან ერთად საქართველო სულ უფრო აქტიურ როლს ასრულებს. გასულ კვირას ჩვენს მეზობელ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ქვეყნის მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა. რთული გეოპოლიტიკური ვითარების და პოლარიზებული საარჩევნო გარემოს მიუხედავად, არჩევნები მშვიდად ჩატარდა და მისი მიმდინარეობისას ძირითადად უზრუნველყოფილი იყო დემოკრატიული სტანდარტები.

ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე, მან თავის პირველივე გამოსვლაში რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჩვენის მხრივ, გვინდა მშვიდობა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს. სომხეთში წარმატებით ჩატარებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გვინდა დავეთანხმოთ ნიკოლ ფაშინიანს, რომ გრძელვადიანი და მყარი რეგიონული მშვიდობა შეუძლებელია კავკასიის გეოპოლიტიკური სტაბილურობის გარეშე. ასევე დავამატებდი, რომ ნამდვილი მშვიდობა წარმოუდგენელია კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე. კარგად იცით, რომ საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს და აღრმავებს მშვიდობიან ურთიერთობებს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველომ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არა მარტო ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი რეგიონალური თანამშრომლობისთვის. 12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ ჩაერთო და მისი მონაწილეობით და ხელშეწყობით აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 დაკავებული სამხედრო, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს მიაწოდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების განაღმვისთვის აუცილებელი რუკები. შუამავლობაში ჩართულები იყვნენ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შუამავლობაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისთვის.

განსაკუთრებით უნდა ითქვას, რომ ეს შუამავლობა იყო ერთ-ერთი იშვიათი და საბედნიეროდ, ეფექტიანი ინიციატივა, რომელიც კავკასიაში დასავლეთის ქვეყნების აქტიურობით წარიმართა და წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენი პატივია, რომ საქართველო ამ შეთანხმების ნაწილი იყო. კავკასიური მშვიდობა საქართველოს დამოუკიდებლობის და წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა. სასიხარულოა, რომ ბოლო დროს რეგიონში მომხდარი ორი ფაქტი – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობა და სომხეთში წარმატებით ჩატარებული არჩევნები დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის გეოპოლიტიკურ ურთიერთობებზე“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.