გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება
გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, მისი და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება.

„პირადად არ ვიცნობ ქალბატონ კრამონს. პირველად ვხვდები, ეს არის გაცნობითი შეხვედრა. მე მგონი ინფორმირებისთვის ვართ ჩვენ მოსული, იმის სათქმელად, რაც რეალურად იყო. ჩვენი პოზიცია იყო გაცილებით კომპრომისული, ვიდრე ოპოზიციიის და ეს ასახული იყო იმ დოკუმენტში, რომელიც დაიდო.

დოკუმენტზე ხელმოწერა მარტივი მიზეზის გამო არ არის, ვინაიდან ეს იყო არა მხარეების მოლაპარაკება ევროკავშირთან, არამედ ერთმანეთთან. როდესაც ცალი მხარე არ აწერს ხელშეკრულებას ხელს, მეორე მხარის ხელმოწერას აზრი ეკარგება“, – განაცხადა ხელაშვილმა.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს მართავს. არსებული ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შვებულებით, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები გამართა „ლელოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან, ანა დოლიძესთან.

ვიოლა ფონ კრამონმა შეხვედრები გუშინაც გამართა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის გარდა, შეხვედრები ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.