გიორგი ხარაიშვილი - სეზონში პირველმა გოლმა ძალიან გამახარა
გიორგი ხარაიშვილი - სეზონში პირველმა გოლმა ძალიან გამახარა

გიორგი ხარაიშვილმა მიმდინარე სეზონში „გიოტებორგის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემაც მიითვალა და შვედეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების კანდიდატმა და „საბურთალოს“ ყოფილმა კაპიტანმა „აიკთან“ შეხვედრასა და გოლზე ილაპარაკა.

„თავიდანვე კარს დავუმიზნე. შორი მანძილი იყო და მეკარე ალბათ არ ელოდა. სეზონში პირველი გოლი გავიტანე, რამაც ძალიან გამახარა. „გიოტებორგის“ მსგავსად, „აიკი“ ტრადიციული კლუბია, ქვეყნის ჩემპიონი გახლავთ და ამავე დროს, ჩვენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშით 3:0 გავიმარჯვეთ, სამი ქულის მოპოვება იოლი არ იყო. ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“, – ამბობს ხარაიშვილი.

23 წლის ფეხბურთელმა ორი ტურის წინ მიღებულ წითელ ბარათზეც ილაპარაკა – „მსაჯმა პირველი ყვითელი ბარათი სამართლიანად მომცა, თუმცა არ ვთვლი, რომ არბიტრი მეორე შემთხვევაში სწორად მომექცა. წაქცევისას, ფეხი გამისრიალდა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელიც წამომყვა და ეპიზოდი კარგად გააფორმა. საბოლოოდ, შეჯახებამ ჩემთვის ცუდი შედეგი მოიტანა“.

ხარაიშვილმა „საბურთალოზეც“ ილაპარაკა, სადაც წლების განმავლობაში გამოდიოდა: „შარშანდელი სეზონის მსგავსად, „საბურთალომ“ ჩემპიონატი ახლაც კარგად დაიწყო. იმედი მაქვს, კლუბი შეინარჩუნებს ტიტულს და ისევ იზეიმებს გამარჯვებას“.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში მის ძმა, ბექა ხარაიშვილი გამოიძახეს, რომელიც „საბურთალოს“ დუბლშემადგენლობაში თამაშობს. გიორგის აზრით, მას დიდი პერსპექტივა აქვს – „ბექა ძალიან ნიჭიერი და მონდომებული ფეხბურთელია. საკუთარი ძმის ქებას არ ვაპირებ, თუმცა ვფიქრობ, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს“.