გიორგი კანდელაკი - რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დატოვების გადაწყვეტილებით, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ვითარება აპრილამდე არათუ გაუმჯობესდება, პირიქით, გაუარესდება
გიორგი კანდელაკი - რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დატოვების გადაწყვეტილებით, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ვითარება აპრილამდე არათუ გაუმჯობესდება, პირიქით, გაუარესდება

დღეს, როდესაც ჩვენ ვიღებთ ამ მცდარ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის დელეგაციის აქ დატოვებას გულისხმობს, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ვითარება დღეიდან აპრილამდე არათუ გაუმჯობესდება, პირიქით, გაუარესდება, – ამის სესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებაზე მსჯელობდნენ.

„არ ვარ „ვიკილიქსის“ დიდი თაყვანისმცემელი და მით უმეტეს ჯულიან ასანჟის, თუმცა ამ პორტალზე გამოქვეყნებულ დიპლომატიურ ინფორმაციას შორის ერთ-ერთი 2009 წლით არის დათარიღებული, რომელშიც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება პროგნოზირებს, რომ პუტინის შემდეგი ნაბიჯი იქნება ყირიმში და დიდი ტრაგედიაა, რომ ეს წინასწარმეტყველება ახდა.

დღეს, როდესაც ჩვენ ვიღებთ ამ მცდარ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის დელეგაციის აქ დატოვებას გულისხმობს, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ვითარება დღეიდან აპრილამდე არათუ გაუმჯობესდება, პირიქით – გაუარესდება. დარწმუნებით შეგვიძლია, ვიწინასწარმეტყველოთ, რომ უფრო მეტი ადამიანი მოკვდება, და მათ, ვინც დღეს ღილაკს „დიახ“ დააწვება, გაიზიარებს მცირე პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე“,- აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე თქმით, არსებობს კონსენსუსი ევროპის უსაფრთხოების სფეროში და პოლიტიკურ წრეებში, რომ უფრო მეტი ყურადღება რომ დაეთმოთ 2008 წელს რუსეთის საქართველოში ინტერვენციისთვის, ბევრი პრობლემის თავიდან აცილება და ბევრი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.

„რუსი ე.წ. პარლამენტარების აგრესიული ტონი აშკარად აჩვენებს, თუ როგორ უყურებს რუსეთი ამ მოვლენებს. პოლიტიკურ რეალობაში ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ყირიმის ანექსიის ლეგიტიმაციას. ნუ იქნებით გულუბრყვილო. რუსეთს ყოველთვის უყვარს ფაქტებზე დავა. თუმცა არსებობს ფაქტები, რომლებიც უდავოა, როგორიცაა ის, რომ 2014 წლის შემდეგ რუსი სამხედროების ხელით აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლულია 13 ათასი ადამიანი. ასევე უდავო ფაქტია, რომ რეისი „ემ-ეიჩ17“ ჩამოაგდეს რუსული რაკეტით. უდავო ფაქტია, რომ რუსეთმა ჩაატარა ეთნიკური წმენდა საქართველოში, გაწმინდა ორივე ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის 80%. და ამ ასამბლეამ ასევე განაცხადა რეზოლუციაში 1633, რომ ეთნიკური წმენდა არის მძიმე დანაშაული. უდავო ფაქტია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეუსრულებელია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კი ამ დრომდე არ ეძლევა წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.