გიორგი კანდელაკი - ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ბანკზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა ეკონომიკას აზარალებს
გიორგი კანდელაკი - ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ბანკზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა ეკონომიკას აზარალებს

ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ბანკზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა ეკონომიკას აზარალებს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

კანდელაკის თქმით, ბანკზე ასეთი შეტევა პირდაპირ ლარზე აისახება.

ამასთან, კანდელაკის განცხადებით, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთს მოსწონს.

„ის, რომ ანაკლიის პორტის ამოქმედება რუსეთს არ უნდა, ამას თვითონ რუსები ამბობენ. მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ძალიან არ მომწონს ეს პროექტიო. ასე რომ, ეს შეთქმულების თეორია არ არის. ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ბრძოლა მოსწონს რუსეთს.

გარდა ამისა, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ბანკზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა ეკონომიკას აზარალებს. გუშინ ოთხივე ქართულმა კომპანიამ, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე აქციებით ვაჭრობენ, 120 მილიონი ფუნტის ზარალი განიცადა. 120 მილიონი ფუნტი არის ძალიან ბევრი ასეული მილიონი ლარია, რაც ბევრად აღემატება იმ ზარალს, რაც ქვეყანამ რუსი ვიზიტორების შემცირებით მიიღო. ბანკზე ასეთი შეტევა პირდაპირ ლარზე აისახება. ქართულმა ოცნებამ 1,64 კურსით დაიწყო და ახლა კურსი 2,90-ია“,- განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეში პოლიტიკური დევნის ნიშნებია.

„პოლიტიკური დევნის ნიშნებს ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა, ვისაც ჭკუა მოეკითხება. არასამთავრობო სექტორი, სხვადასხვა პარტიები და თვითონ ამ საქმის ფიგურანტები. მართლა ძალიან უნდა მოინდომო, რომ პოლიტიკური მოტივი ვერ დაინახო. ეს ცხადია, „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის, რაც არ უნდა გააკეთონ“,- აღნიშნა კანდელაკმა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გუშინ პროკურატურაში მივიდნენ, სადაც მათ ბრალის დადგენილება და საქმის მასალები გადასცეს.