გიორგი კანდელაკი - პუტინის მხრიდან ისტორიაში წიაღსვლა ადასტურებს, რომ მისთვის საქართველოს, როგორც თავისუფალი, ევროპული სახელმწიფოს იდეა, მიუღებელია
გიორგი კანდელაკი - პუტინის მხრიდან ისტორიაში წიაღსვლა ადასტურებს, რომ მისთვის საქართველოს, როგორც თავისუფალი, ევროპული სახელმწიფოს იდეა, მიუღებელია

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ისტორიაზე გაკეთებული სახიფათო თავდასხმის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ ზიზღით აღსავსე სიცრუეს, საქართველოს გენოციდსა და აგრესიაში დადანაშაულებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რაც სახიფათო განაცხადია.

დეპუტატის თქმით, პუტინის მხრიდან ისტორიაში ასეთი წიაღსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის საქართველოს, როგორც თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს იდეა მიუღებელია.

„ეს ყველაფერი გვახსენებს იმას, თუ რაოდენ უპასუხისმგებლო, სახიფათოა ოკუპაციისა და რუსეთის სამხედრო აგრესიის საკუთარი ქვეყნისთვის დაბრალება, რასაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესისთვის „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად მიმართავენ. დღეს, როცა არქივები ღიაა და ხელმისაწვდომია დოკუმენტები, პუტინის აგრესიული სიცრუის ნაკადის მხილება ძალიან ადვილია. როცა პასუხი მთავრობისგან იგვიანებს, შევეცდებით, მთავარ საკითხებს შევეხო. პუტინს ავიწყდება, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკა საერთაშორისოდ სრულიად აღიარებული იყო, მათ შორის დე იურედ აღიარებული რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. ასევე გეტყვით, რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა სამხედრო აგრესიის აქტი იყო. ამას გარდა, აფხაზეთსა და აჭარას ავტონომიური სტატუსი დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ მიანიჭა, რომელიც სწორედ საბჭოთა რუსეთმა სამხედრო ოკუპაციის გზით დაამხო. 1918 წელს აფხაზეთიდან საქართველოს ჯარმა ბოლშევიკები აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თხოვნით და მასთან შეთანხმებით გააძევა. ე.წ. აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკა, რომელზეც პუტინი აპელირებს, სწორედ ამ აგრესიული ომის და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საოკუპაციო რეჟიმის მიერ შეიქმნა და მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნდა”, – აცხადებს დეპუტატი.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში 1919 წლის თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით კი, აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად თავად რუსეთმა აღიარა.

„1920-იან და 1930-იან წლებში, საბჭოთა რეჟიმმა უსასტიკესი რეპრესიები მოაწყო, როგორც აფხაზეთში, ისე დანარჩენ საქართველოში, რის შედეგადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ათეულ ათასობით თავისუფლების მოყვარე ადამიანი მოკლეს ან გადაასახლეს, მათ შორის მრავალი ეთნიკურად აფხაზური წარმომავლობის მოღვაწე და მოქალაქე იყო. იცით, რომ პუტინმა საქართველო 1920 წელს ცხინვალის რეგიონში გენოციდის მოწყობაშიც დაადანაშაულა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ჩაახშო კომუნისტების მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხი, რომლის ორგანიზატორები ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ და რომელიც კოორდინირებული იყო საბჭოთა რუსეთთან დამოუკიდებელი საქართველოს დასამხობად. ოსების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე არანაირი ცნობა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცნობები ადამიანის უფლებათა დარღვევებზე – რაც ახლოსაც ვერ მოვა ბოლშევიკების სისასტიკესთან. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ოსური ენა და ოსურ ენაზე განათლება მხოლოდ საქართველოში შემორჩა. რუსეთის ფედერაციაში იგი ფაქტიურად გამქრალია”, – აღნიშნავს კანდელაკი.

კანონმდებელი აცხადებს, რომ ბოლშევიკთა ზოგიერთი ლიდერისა და იოსებ სტალინის ქართულ წარმომავლობაზე ხაზგასმა და ამით საქართველოს ოკუპაციის გამართლება, არახალია.

“კრემლი და პრორუსული დაჯგუფებები დიდი ხანია ცდილობენ, ყალბი ქართული ანტიდასავლური „ნაციონალიზმი“ ამ სიმბოლოების ირგვლივ განავითარონ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლშევიკებს მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდათ, რის გამოც საჭირო სამხედრო აგრესია გახდა. საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დაჩქარების ინიციატორი სწორედაც რომ, სტალინი იყო. გარდა ამისა, ბოლშევიკ ლიდერთა შორის იყვნენ სხვა ერების წარმომადგენლებიც, რომელთა წარმომავლობის ამა თუ იმ ქვეყნის დაპყრობის გასამართლებლად გამოყენება ისეთივე აბსურდია, როგორც ზოგიერთი ბოლშევიკი ლიდერის ქართული წარმომავლობით საქართველოს დაპყრობის და ათიათასობით ადამიანის მკვლელობის გამართლება. ქართველმა კომუნისტებმა საბჭოთა ოკუპანტებტან ერთად ფიზიკურად გაანადგურეს ევროპული განათლების მქონე ჩვენი პოლიტიკური, კულტურული, სასულიერო და სამხედრო ელიტა, დახოცეს ათიათასობით ადამიანი და ნუთუ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ისევ საქართველოს ეკისრება?! აღარაფერს ვამბობთ, 1992-1993 წლებში, რუსეთის მიერ დადებულ და დარღვეულ ხელშეკრულებებზე, რომლებსაც მოყვა ათასობით თანამოქალაქის მკვლელობა და ეთნიკური წმენდა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში”, – დასძინა კანდელაკმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.