გიორგი კანდელაკი პროკურატურის განცხადებაზე - საერთოდ გაგიჟდა ეს ხალხი
გიორგი კანდელაკი პროკურატურის განცხადებაზე - საერთოდ გაგიჟდა ეს ხალხი

ადამიანი ჭაობში რომ იძირება, რაც უფრო ფართხალებს, მით უფრო სწრაფად იძირება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„პირდაპირ შემიძლია, ვაღიარო, რომ მე და ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნებიდან“ ჩვენი კოლეგები დავარწმუნეთ, გავრილოვი ჩამოეყვანათ. შემდეგ, ისინი მოვატყუეთ, პარლამენტიდან გავრილოვი სერგო რატიანთან ერთად გავაგდეთ. შემდეგ გიგი უგულავამ გიორგი გახარია დააჰიპნოზა და აიძულა, რომ მიტინგის დაშლისა და ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის ბრძანება გაეცა. ეს ხალხი საერთოდ გაგიჟდა. ადამიანი ჭაობში რომ იძირება, რაც უფრო ფართხალებს, მით უფრო სწრაფად იძირება. მათთვის უკეთესია, ცოტა გონს მოეგონ, 20-მდე დაითვალონ და საზოგადოებასთან დიალოგს დაუბრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათთვის უარესად დამთავრდება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება. ამასთან, მათივე თქმით, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება.